Мы о себе

Logo23

Выбирать язык

ჭიათურაში პროტესტის მონაწილე მერაბ სარალიძე, რომელიც 5 თვეა, შუქრუთის მაღაროს დირექტორის ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით არის დაკავებული, ჭიათურელებს თანადგომისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს და ერთიანი პროტესტის მნიშვნელობა

5 თვის განმავლობაში ციხეში ვსხედვართ და აქ ჩუმად ვართ. ჩვენი დაჭერისთანავე გააჩინეს მოლოდინი, თითქოს ცდილობდნენ და სურვილი იყო, რომ ჩვენ გამოვეშვით.

ეს ემსახურებოდა იმას, რომ ჩუმად ვყოფილიყავით და ასეც მოვიქეცით მთელი ამ ხნის განმავლობაში - ჩუმად ვართ, ბევრს ვთმობდით და მზად ვიყავით, დაგვეთმო, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენს ღირსებას ეხებოდა.

ვთმობდით, რადგან ნერვიულობენ ოჯახები, შვილები, მშობლები, Მეუღლეები და ვთმობდით ამ ყველაფერს ჩვენი ოჯახების გამო, მაგრამ Არ უნდა გვქონდეს იმის განცდა, რომ მაგ ადამიანებს ვინმეს მშობლები ან შვილები შეეცოდებათ. ეგენი ადამიანები კი არ არიან, ვიზუალურად ჰგვანან ადამიანებს; ადამიანური გრძნობები არ გააჩნიათ.

ამ მოლოდინს აჩენდნენ იმის გამო, რომ, უბრალოდ, არ დაძაბულიყო სიტუაცია, ქმედითი ნაბიჯები არ გადაედგათ ადამიანებს, რაც მათ შეაწუხებდა, თუმცა სრულიად საკმარისი კი არა, საკმარისზე მეტია აქ გატარებული 5 თვე და 5 თვე არ სჭირდებოდა, ერთ კვირაში მოაგვარებდნენ, მართლაც რომ ნდომოდათ ჩვენი გამოშვება აქედან.

Დაჭერიდან ერთ კვირაში დაიწყეს საპროცესოზე ლაპარაკი და დღესაც ისევ იმავეს ლაპარაკობენ, რასაც 5 თვის წინ. Ამ ყველაფერს ლაპარაკობენ იმის გამო, რომ რაიმე ნაბიჯი არ გადადგან ადამიანებმა, გაწელონ დრო.

ჩაატარონ არჩევნები და ამის შემდეგ უკვე მოგვისჯიან სასჯელს, როცა გაინაღდებენ სკამებს, ადგილს და მერე დაიწყებენ კიდევ უფრო მეტ რეპრესიებს, დაშინებას დაუწყებენ ხალხს და, საბოლოოდ, ეს ძალიან ცუდად აისახება თითოეულ მაღაროელზე, თითოეულ მშრომელზე და ჭიათურელზე.

თავდაპირველად მაგათი მიზანი ცნობილი იყო, რომ საერთოდ არ სჭირდებოდათ მაღაროელი [უნდოდათ] რაც შეიძლება, ნაკლები დანახარჯით მიეღოთ დიდი მოგება. პირდაპირაც თქვეს, რომ არ გვჭირდება მაღაროელი, ღია კარიერული წესით გავაგრძელებთ მუშაობას, „მარგანეცის" მოპოვებასო, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენს წინააღმდეგობას მოჰყვა, რომ ნაწილი გაუშვეს...

Გამომდინარე იქიდან, რომ აგერ წინ არჩევნები აქვთ, ჯერჯერობით, ცოტა ლმობიერები არიან, თუმცა საბოლოოდ თუ თავისას გაიტანენ, მერე წავა ისევე, როგორც ადრე იყო ხოლმე - თუ ვინმე რამეზე ხმას ამოიღებს, თუ არ გინდათ, წადით... თუ ვინმე რამეზე კიდევ უფრო მეტად აიმაღლებს ხმას, სამაგალითოები ვიქნებით ჩვენ და გამოიშვერენ თითს, აი, ნახეთ, ვინც არ გვემორჩილებოდა, ციხეში ჩავსვით, ასე დაგიჭერთ სუყველასო და შექმნიან პირობებს, რომ გააქცევენ ხალხს აქედან.

არ სჭირდებათ მაგათ დანაშაულის ჩადენა, ვისი მოშორებაც უნდათ, დანაშაულს შეკერავენ და არადამაჯერებელიც რომ იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, იტყვიან, რომ უნდათ, ციხეში ჩასვან და ჩასვამენ.

კომპანიის წარმომადგენლები რომ ამბობენ, თითქოს, არ გადადგათ ნაბიჯები, პროცესებს დააზიანებსო, ეს ადამიანები არ არიან ჩვენი კეთილმოსურნეები. რაზეც ეგენი ამბობენ, ეს ნაბიჯი არ გადადგათო, ეგ აწუხებთ და პირიქით, იქით უნდა წახვიდეთ.

ამით ცდილობენ, დრო მოიგონ და ამ სიჩუმით, ამ გაჩერებით, ჩვენ ციხეში ვართ და ისინი თავიანთ გასაკეთებელს აკეთებენ. მეტი აქტიურობაა საჭირო. მე არავის არაფერს არ ვთხოვ, ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება. საბოლოოდ, ადრე იქნება თუ გვიან, აქედან გამოვალ და არსად არ ვაპირებ წასვლას, ისევ ჭიათურაში ვაპირებ ცხოვრებას და თუ მიიჩნევთ, ადამიანებო, მშრომელებო, მაღაროელებო, რომ მე გვერდში დგომას ვიმსახურებ, მაშინ არიან მანდ ჩემი მეგობრები, მართალი, მებრძოლი ხალხი, მოუსმინეთ მაგ ხალხს და დამიდექით გვერდით.

სხვანაირად, საბოლოოდ, მე თუ დავზიანდი და დავზარალდი ახლა, ეს მარტო ჩემი დაზარალება არ არის, ყველა მაღაროელს ეხება და კიდევ უფრო მეტად შეეხება, ვიდრე ახლა იგრძნობა.

ახლა რომ რაღაცებზე თავს იკავებენ, ძალიან მალე თავს აღარ შეიკავებენ ეგენი, თუ ყველაფერს გაინაღდებენ. არ შეიკავებენ იმიტომ, რომ სრული რეპრესიები აქვთ ჩაფიქრებული. არ სჭირდებათ, ვინც ლოგიკურად აზროვნებს, ვინც სამართლიანობას, ადამიანურ პირობებს ითხოვს. ადამიანები არ სჭირდებათ და ზუსტად ამიტომ ჩაგვსვეს ციხეში.

5 თვის განმავლობაში ვერ მოახერხეს ის, რომ კობერიძეს [ვისზე თავდასხმასაც ედავებიან დაკავებულებს] ხელი მოეწერა იმაზე, რომ პრეტენზია არ ჰქონოდა ჩვენს გამოშვებაზე? ეს ყველაფერი, უბრალოდ, მოლოდინის გაჩენაა ხალხში, რომ ეს არ გააკეთო-ის არ გააკეთო... ჩვენ კობერიძემ კი არ დაგვიჭირა, გვარს არ დავასახელებ, იმ ადამიანის დავალებით მოხდა ეს პროვოკაცია და ამ ადამიანის პატიმრები ვართ. იმ ადამიანის პატიმრები ვართ, რომელიც ამბობს, ესა თუ ის ნაბიჯი არ გადადგათო. ზუსტად ეს დააზიანებს პროცესებს, როცა კომპანიის წარმომადგენელს დაუჯერებთ...

მინდა, გულისტკივილი გამოვთქვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებზეც ვფიქრობ, რომ მეტ გვერდში დგომას ვიმსახურებდი... ჩვენ ციხეში ვართ გამოკეტილები, ჩვენი მეგობრები შიმშილობას აგრძელებენ, სიცოცხლესა და ჯანმრთელობას რისკავენ, ამ დროს კი ეს ადამიანები მაღაროში მიდიან.

მესმის, რთულია დღეს ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება და კეთილდღეობისთვის ვიბრძვით ყველა, მაგრამ ერთმანეთს ზურგი არ უნდა ვაქციოთ. საერთო საქმეს თუ ერთად მოვემსახურებით, თითოეული ადამიანის საქმეც გაკეთდება და ჩვენ თუ ერთმანეთს დავშორდებით, ცალ-ცალკე დავდგებით, ძალიან მარტივად გავტყდებით და საბოლოოდ, ყველა დავზარალდებით.

ეს არ იქნება მარტო მერაბი და აჩიკო, ყველა დავზარალებით; ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქალაქი დაზიანდება. არ ვიდებ გულში წყენას, მაგრამ მოლოდინი და იმედი მაქვს, სიმართლეს თვალს გაუსწორებთ. ალბათ, ხედავთ, კიდევ უარესი იქნება, ეგენი თუ ამას გაიტანენ, დააშინებენ ხალხს, მუქარას და შანტაჟს თუ შევეგუებით, ყველა დავზარალდებით და როცა მოესურვებათ, მაშინ მოგვისვრიან.

მინდა, ამ მართალ ხალხს გვერდში დაუდგეთ, ჩემი დაჭერის შემდეგ ქუჩაში რომ დგანან, სიმართლეს საუბრობენ და სამართლიანობას მოითხოვენ. თქვენი გვერდში დგომით ძალიან მალეა შესაძლებელი, ჩვენ, კომპანიის პირადი პატიმრები, ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ გვჭირდება თავისუფლება, გვჭირდება ოჯახებში დაბრუნება...

არ ვიყავი ჩახედული, უცხოა ჩემთვის ციხეც და სასამართლოც და არ მეგონა, ამხელა უსამართლობა თუ ხდებოდა. არავის არ სჭირდება სიმართლის დანახვა. ვიდეომტკიცებულება რომ აჩვენო მოსამართლეს ისეთი, სადაც აშკარაა, რომ დამნაშავე არ ხარ, თვალებს დახუჭავს და არ დაინახავს. უნდა კომპანიას, რომ დაგვტოვოს ციხეში? უნდა და მორჩა.

...რა მოთხოვნებიც უნდა დავაყენოთ, ეს უნდა იყოს სამართლიანი. მე ვენდობი იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად იბრძოდნენ და ახლა ჩემი თავისუფლებისთვის იბრძვიან", - ამბობს მერაბ სარალიძე.
(მერაბ სარალიძის მიმართვა ფეისბუქგვერდ „მაღაროელზე" კვირას, 14 სექტემბერს გავრცელდა.)